პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროექტ “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის” გამარჯვებულების სასწავლო ვიზიტი ვარშავაში


09.11.2021

1-5 ნოემბერს, პოლონეთის რესპუბლიკაში, ქ. ვარშავაში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ორგანიზებით პროექტ “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის” გამარჯვებულების სასწავლო ვიზიტი ჩატარდა.

სასწავლო კურსის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან და საზღვარგარეთ მყოფ პოლონელებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელთან, ელჩთან ჟბიგნევ გნიატკოვსკისთან, სადაც განხილულ იქნა პოლონეთის რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესები დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით. ელჩმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია დიასპორული პროგრამებისა და პროექტების შესახებ.

პროექტ “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის” სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, კურსის მეორე დღეს, 3 ნოემბერს, ჩატარდა პროგრამის გამარჯვებულების შეხვედრა პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროს, ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაცია “La Strada”-ს წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა პოლონეთის მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებები და პრიორიტეტები, თანამემამულეთა სამშობლოში დაბრუნების კუთხით განხორციელებული აქტივობები და პროგრამები. აგრეთვე, შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ტრეფიკინგის პრობლემატიკას და მასთან ბრძოლის მექანიზმების შემუშავების საკითხებს.

სასწავლო სესიის მეორე ნაწილის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან, უფროს მრჩევლებთან ნინო ბააკაშვილთან და თეიმურაზ ფურცელაძესთან. მომხსენებლებმა ისაუბრეს პოლონეთი-საქართველოს ურთიერთობებთან და მიმდინარე ორმხრივ პროცესებთან დაკავშირებით, აგრეთვე გააცნეს საკონსულო საქმიანობის დეტალები და ნიუანსები.

4 ნოემბერს, გაიმართა სემინარი პოლონეთის მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, სადაც დამსწრე მონაწილეებს, პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მიაწოდეს ინფორმაცია მიგრაციის პოლიტიკის მართვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებსა და პროგრამების შესახებ.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში, “ახალგაზრდა ელჩებს” შესაძლებლობა მიეცათ ინტერაქტიული თამაშების საშუალებით უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და სამომავლო სამოქმედო გეგმა შეემუშავებინათ, გაიმართა შეხვედრები პოლონეთში მცხოვრებ თანამემამულე ახალგაზრდობასთან. ბოლოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოკლე საინფორმაციო პანელზე მიაწოდეს ინფორმაცია პროექტ „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ ფარგლებში ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვასთან, განხორციელებასთან და გაწეული სამუშაოების ანგარიშსწორების წარმოებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ პროექტი “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით 2018 წლიდან ხორციელდება. მისი მთავარი მიზნებია საქართველოს პოპულარიზაცია,  ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება, უცხოელი მეგობრების ქსელის გაფართოება.