პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საელჩოს წარმომადგენლების შეხვედრა საბერძნეთის შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან


03.04.2022

31 მარტს საელჩოს უფროსი მრჩეველი დეა მუმლაძე შეხვდა საბერძნეთის შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს გენერალურ მდივანს გეორგიოს სტამატისს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შრომის პირობებსა და დასაქმების თემებზე. 

ისაუბრეს იმ სოციალურ პროგრამებზე,  რაც საბერძნეთში ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საბერძნეთის შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს აქვს შემუშავებული.

მხარეებმა განიხილეს საბერძნეთში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების წინაშე არსებული გამოწვევები და მათთვის სამედიცინო, თუ სოციალურ ბენეფიტებზე წვდომის შესაძლებლობების მიცემის აუცილებლობა.

დეა მუმლაძემ აღნიშნა, რომ დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა საბერძნეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოს მოქალაქეების დროებით, ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით. 

გეორგიოს სტამატისმა აღნიშნა, რომ მისი დაფარვის საკითხებიდან გამომდინარე, ის მჭიდრო კავშირშია საბერძნეთის მიგრაციის სამინისტროსთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან საელჩოსთან თანამშრომლობით არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელების იმედი გამოხატა.