პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგარეო საქმეთა სამინისტრო მსოფლიოს 35 ქვეყანაში „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ შესარჩევ კონკურსს აცხადებს


31.10.2019

31.10.2019 - 2019 წლის 31 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

„ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანაა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელების საშუალებით, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს  ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ და საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის გაფართოება.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ავსტრიის რესპუბლიკაში; აზერბაიჯანში; ამერიკის შეერთებულ შტატებში; ბელარუსში; ბელგიის სამეფოში; ბულგარეთში; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; დანიაში; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში; ესპანეთის სამეფოში; ესტონეთში; თურქეთის რესპუბლიკაში; იაპონიაში; ირლანდიაში; ისრაელის სახელმწიფოში; იტალიის რესპუბლიკაში; კანადაში; კვიპროსზე; კორეაში; ლატვიაში; ლიეტუვაში; მალტაზე; მოლდოვაში; ნიდერლანდების სამეფოში; ნორვეგიაში; პოლონეთის რესპუბლიკაში; საბერძნეთის რესპუბლიკაში; საფრანგეთის რესპუბლიკაში; უკრაინაში; უნგრეთში; ფინეთში; შვეიცარიაში; შვედეთის სამეფოში; ჩინეთში; ჩეხეთის რესპუბლიკაში მოღვაწე 18-დან 29-წლამდე საქართველოს მოქალაქეებს.

კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით, საქართველოში გაიმართება „ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი“, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის, დიპლომატიური და სხვა სექტორების წარმომადგენლებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტი -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  ENIGMMA 2-ის ფარგლებში.

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად იხილეთ:

საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა

საკონკურსო განაცხადის ფორმა

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ტელ.: (+995 32) 2945000 (შიდა - 3111).