პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ფარგლებში მიღებული საკონკურსო განაცხადების განხილვა გრძელდება


30.09.2019

ა.წ. 30 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის მიხეილ ნინუას ხელმძღვანელობით, გაიმართა საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის  შემდეგი ეტაპი - საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს და შეაჯამეს ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც განხორციელდება მიმდინარე საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემოსული თითოეული პროექტის შეფასება. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სულ 144 საკონკურსო განაცხადი მიიღო მსოფლიოს 23 ქვეყნიდან.

საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ფარგლებში გამოცხადებულ  კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. აღნიშნული პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების ინტერესებისა და უფლებების დაცვა და მათი სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობა, სახალხო დიპლომატიის განვითრება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.

პროგრამის საშუალებით შესაძლებელი იქნება დიასპორის წარმომადგენელთა იდეების განხორციელება, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის დიასპორულ საქმიანობას და ხელს შეუწყობს საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირების გაღრმავებას.

საგრანტო პროგრამის თანხის საერთო ოდენობა 500 000 ლარს შეადგენს, ხოლო კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს, გრანტის სახით, გადაეცემა არაუმეტეს 30 000 ლარი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში პროგრამის საკონკურსო კომისიის შემდეგი სხდომა 7 ოქტომბერს გაიმართება.

აღსანიშავია, რომ საგრანტო პროგრამა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ პირველად მიმდინარე წელს ამოქმედდა საპილოტე რეჟიმში.