პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ - ბერნის უნივერსიტეტში ინტერდისციპლინარული სალექციო კურსი


19.10.2022

2022 წლის 17 ოქტომბერს ბერნის უნივერსიტეტში გაიმართა ქართული სწავლების ინტერდისციპლინარული კურსის  -  „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ - მე-4 ლექცია. 

ლექცია მიეძღვნა საქართველოს ქრისტიანულ  ხელოვნებას, რომელსაც ორი ათასი წლის ისტორია აქვს.

ლექციას უძღვებოდა ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი მანუელა შტუდერ-კარლენი. მან ისაუბრა ქართული ქრისტიანული ხელოვნების განვითარების გზაზე, მის უმნიშვნელოვანეს ეტაპებსა და გამორჩეულ ნიმუშებზე, მათ შორის კედლის მხატვრობაზე, ხატწერასა და ქვის პლასტიკაზე. მისი თქმით, ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებამ საქართველოში ქრისტიანული კულტურის განვითარება განსაზღვრა, როდესაც საფუძველი ჩაეყარა არქიტექტურის განსხვავებულ ფორმებს, გაჩნდა ბიბლიისა და სახარების თემებზე შექმნილი რელიეფური თუ მოზაიკური, კედლის მხატვრობისა თუ დეკორატიულად გაფორმებული ხელნაწერი წიგნების და  ხატების ნიმუშები. 

შვეიცარელმა პროფესორმა სტუდენტებს მოუთხრო საქართველოს ისტორიაში ისეთი გარდამტეხი მოვლენების შესახებ, როგორიც არის პირველ საუკუნეში მაცხოვრის კვართის ჩამობრძანება და დავანება მცხეთაში, მეფე მირიანის მოქცევა, წმინდა ნინოს მიერ საქართველოს გაქრისტიანება, ჯვრის მონასტრისა და სვეტიცხოველის შექმნა.

ინტერდისციპლინარული კურსი გახლავთ შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ერთობლივი უნიკალური  პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი პროფესორები კითხულობენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ.