პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს ელჩი ბერნის უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა


08.11.2022

2022 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში შეხვდა ბერნის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ქრისტიან ლოიმანს და განვითარების მიმართულების ვიცე-რექტორს, პროფესორ ვირჯინია რიხტერს.

ელჩმა რექტორს მადლობა გადაუხადა ბერნის უნივერსიტეტში ქართული სწავლების ინტერდისციპლინური კურსის  -  „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ - მხარდაჭერისთვის.  მხარეებმა ისაუბრეს მომავალ სასწავლო წელს კურსის გაგრძელებისა და მისი გაფართოვების შესახებ.

მხარეებმა განიხილეს ბერნის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ინტერესი სტუდენტებისა და მკვლევრების გაცვლითი და სასტიპენდიო პროგრამების, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამებისა და სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართ.

ბერნის უნივერსიტეტის დაარსება 1528 წლით თარიღდება. დღეისათვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს 19 300 სტუდენტი 120 ქვეყნიდან. უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარეობს კვლევები ისეთ სფეროებში, როგორიცაა მდგრადი განვითარება, მედიცინა, კლიმატი და კოსმოსი. საერთაშორისო რეიტინგებით ბერნის უნივერსიტეტი მსოფლიოს 150 საუკეთესო უმაღლეს სასწავლებელთა შორისაა.