პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს ელჩი კიევის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა


01.11.2019

მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, უკრაინაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ შეხვედრა გამართა ქ. კიევში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრის დროს, დიასპორული ორგანიზაციების ხელმღვანელებმა საქართველოს ელჩს გააცნეს ორგანიზაციების საქმიანობა, ისაუბრეს საქართველოს უკეთ წარმოჩენის, საკვირაო სკოლების, ქართული შემოქმედებითი კოლექტივებისა და ანსამბლების საქმიანობის თაობაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებსა და იმ პრობლემატურ საკითხებს, რომლებიც აწუხებთ ქ. კიევში არსებულ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს.

ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ მადლობა გადაუხადა  დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს აქტიური საქმიანობისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს საელჩო მზად არის მათთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობებისა და საქმიანი თანამშრომლობისთვის.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის დედაქალაქში ქართული დიასპორული ორგანიზაციები და შემოქმედებითი კოლექტივები მრავლადაა წარმოდგენილი. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციასთან ერთად, ისინი აქტიურად ეწევიან საქველმოქმედო საქმიანობასაც.

კიევში მოქმედებს ქართული ასოციაცია - სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება - "გეორგია"/ Всеукраїнське суспільне об’єднання "Георгія", რომლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია სხვადასხვა საერთაშორისო და სახელმწიფო ჯილდოს/პრემიის მფლობელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბესიკ შამუგია. ასოციაციის ხელმძღვანელობის ინიციატივით, ქ. კიევში ყოველწლიურად აღინიშნება "თბილისობის" დღესასწაული და იმართება ქართული კინოსა და კულტურის ფესტივალები.

ასოციაციასთან ფუნქციონირებს ქ. კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი და მასთან არსებული ქართული საკვირაო სკოლა და ქორეოგრაფიული ანსამბლი - "იბერიელი". ანსამბლს მინიჭებული აქვს "უკრაინის სახალხო ამატორული კოლექტივის" წოდება, მისი ხელმძღვანელი უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე - მაკა ლომსაძეა. 2017 წელს, მაკა ლომსაძეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს მიერ, საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ასევე „დიასპორის ჯილდო“.

ქ. კიევში არსებული ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის - "იბერია" / Грузинський культурно – освітний центр "ІБЕРІЯ" ხელმძღვანელი კი  "უკრაინის კულტურის დამსახურებული მოღვაწის" საპატიო ჯილდოს მფლობელი მანანა სულაქველიძე გახლავთ. ცენტრთან, აგრეთვე, ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სკოლა-სტუდია "იბერია", რომელსაც მიღებული აქვს უკრაინის სახალხო ანსამბლის წოდება.

რაც შეეხება კიევში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციას "ქართული დიასპორა" / ОБЩЕСТВЕННАЯ ОРГАНИЗАЦИЯ «ГРУЗИНСКАЯ ДИАСПОРА УКРАИНЫ», იგი ნიკოლოზ გუგეშაშვილის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს. ორგანიზაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებას მართავს კიევში.