პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში საელჩოს თანამშრომლებთან ერთად მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონეში იმყოფებოდა


16.02.2023

2023 წლის 12-15 თებერვალს, საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა, საელჩოს კონსულთან კონსტანტინე კოტარიასთან, პოლიციის ატაშესთან გიორგი მეზვრიშვილთან, მრჩეველთან კობა გოგოლაძესთან და რეფერენტ როსტომ კოჩალიძესთან ერთად, იმყოფებოდა თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში, კერძოდ ქ. ადანაში, ქ. ოსმანიეში, ქ. ადიამანში, ქ. ქაჰრამანმარაშსა და ქ. გაზიანთეფში.

საქართველოს ელჩმა, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა გამართა თურქეთის ქ. ადიამანში მყოფ ქართველ მაშველებთან, რომლებიც უწყვეტად აგრძელებენ მუშაობას არაერთ ლოკაციაზე.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, შეხვედრა გამართა ქ. ადიამანის გუბერნატორთან, მაჰმუთ ჩუჰადართან და სხვა ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრისას, ელჩმა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო და თანადგომა გამოუცხადა თურქეთის ხელისუფლებასა და თურქ ხალხს. იქვე, საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, დამატებით ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზებასთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს, გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და იქვე, აღნიშნა, რომ ქართველი მაშველებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, რის შედეგადაც, მოხერხდა არაერთი ადამიანის გადარჩენა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა მოინახულა სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ადგილზე გაეწიათ შესაბამისი კონსულტაცია და გადაეცათ ჰუმანიტარული დახმარება. ასევე, შეძლებისდაგვარად, უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა და მათი სურვილის შესაბამისად, თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გამგზავრება.