პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ფრანკფურტში ქართულ დიასპორას უმასპინძლა


08.01.2020

მიმდინარე წლის 6 იანვარს, ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა საკონსულო ქართული დიასპორის წარმომადგენლების და საკვირაო სკოლების ბავშვებისთვის საშობაო მიღება გამართა.

დამსწრე საზოგადოებას საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა, სადაც 2019 წელს გენერალური საკონსულოს მიერ გაწეული საქმიანობა და მიღწეული წარმატებები შეაჯამა. ლევან დიასამიძემ თანამემამულეებს ასევე გააცნო 2020 წლისთვის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში დაგეგმილი პროექტები. თავის გამოსვლაში, გენერალურმა კონსულმა ხაზგასმით აღნიშნა ქართული დიასპორის მნიშვნელოვანი როლი საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში და მან მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს ქართულ-გერმანული მეგობრობის გაღრამავებაში შეტანილი წვლილისთვის.

მიღებაზე ქ. მანჰაიმის ოპერაში მოღვაწე ქართველი ტენორის ირაკლი კახიძის, ქ. მაინის ფრანკფურტში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლისა და ქ. დარმშტატში არსებული ხელოვნების სახლის ,,Blue Face“-ის მოსწავლეების მიერ  შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

საშობაო ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ ხელოვნების სახლის ,,Blue Face“-ის  აღსაზრდელებს საჩუქრად გადასცა სპეციალურად უცხოეთში არსებული ქართული საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ხელოვნების სახლი Blue Face / Kunsthaus Blue Face ქ. დარმშტატში ხელოვნებათმცოდნე ლილიანა არველაძისა და მხატვარ ბაჩო ჭამელაშვილის მიერ დაფუძნდა 2018 წელს. საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა, ორგანიზაცია ეწევა კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობას გერმანიაში საქართველოსა და ქართული  კულტურის პოპულარიზაციის მიზნით. ხელოვნების სახლი ასევე დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით.