პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ეტაპობრივად გრძელდება უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესი


16.03.2022

სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, მათ შორის მათ ორგანიზებულ გამომგზავრებას სამშობლოში. ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში დაბრუნდა ასზე მეტი საქართველოს მოქალაქე, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით. მიმდინარე კვირას, საერთო ჯამში საქართველოს მთავრობის ჩართულობით, საქართველოს 220 მოქალაქეს გაეწევა მსგავსი სახის დახმარება. 

ასევე, სახელმწიფოს ხელშეწყობით გრძელდება ქ. ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული ევაკუაციის პროცესი. სპეციალური რეისები ხორციელდება 15 და 16 მარტს, ქ. ლვოვში საქართველოს საკონსულო პუნქტის ორგანიზებით. 

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, საქართველოს დიპლომატიური მისიების უკრაინის ტერიტორიაზე და მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში მუშაობენ 24 საათიან საგანგებო რეჟიმში. ამასთან, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით დაევალათ, უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველადი საჭიროების დახმარების გაწევა და მათი სამშობლოში დაბრუნების ორგანიზება.