პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


20.05.2022

2022 წლის 17 მაისს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასა და რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ქართული მხრიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, ხოლო თურქული მხრიდან რიზეს რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა, ჰუსეინ ქაჰრამანმა მოაწერეს ხელი. 

მემორანდუმი მიზნად ისახავს ორ დაწესებულებას შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილებების გაზიარებას. შეხვედრისას გადაწყდა, რომ მოხდება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ციფრული წიგნებისა და მასალების გაზიარება. 

უნივერსიტეტის რექტორმა აღნიშნა, რომ მიესალმება მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებას, რაც ხელს შეუწყობს განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას, რაც თავის წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერობების განვითარების საქმეში. მისი თქმით, რიზეს უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის შესაბამისად, რიზეს უნივერსიტეტი უკვე რამდენიმე წელია მასპინძლობს ქართველ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტის ბაზაზე სტაჟირებას გადიან. 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორსა და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელს, გულ მუქერრემ ოზთურქს მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ ის მზად არის გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა რიზეს უნივერსიტეტთან. 

გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა მხარეთა შორის მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას. ამასთანავე, გ. ჯაფარიძემ გამოთქვა მზადყოფნა ახალი ინიციატივების მხარდაჭერისა და გენერალური საკონსულოს მხრიდან თანადგომის კუთხით.   

ამასთან, 18 მაისს, რიზეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში  საზეიმოდ გაიხსნა ქართული წიგნების კუთხე, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და გენერალური საკონსულოს მხრიდან ბიბლიოთეკისთვის საჩუქრად გადაცემული წიგნებით შეივსო. უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია თემებზე „ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობა“ და „თურქეთელი ქართველების ტრადიციული კულტურა“, რომელიც წაიკითხეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და თბილისის ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, როზეტა გუჯეჯიანმა. 

უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ეთნოლოგიის დოქტორი, მირიან ხოსიტაშვილი, რიზეს უნივერსიტეტის პროფესორები გულ მუქქერემ ოზთურქი, სოფიო მახაჭაშვილი, ნერიმან ილმაზი და აკადემიური წრეების სხვა წარმომადგენლები.