პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს სახელმწიფომ სამშობლოში უცხოეთში მყოფი 10 000 თანამემამულე დააბრუნა


09.05.2020

მიმდინარე წლის 8 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე მინისტრმა დავით ზალკალიანმა COVID-19-ის გავრცელების პირობებში უწყების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა. 8 მაისის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში  დაბრუნდა  საქართველოს 10 000 მოქალაქე, ხოლო  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19 417 თანამოქალაქეს.

„სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს, ხოლო ამ ეტაპისთვის, COVID-19-ის გავრცელების პირობებში, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო გაუთვალისწინებელი გამოწვევების წინაშე დადგა, ამ მონაცემებით, საქართველოს უკვე უჭირავს ღირსეული პოზიცია მსოფლიო ქვეყნებს შორის და ქვეყნის მიდგომა, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დაბრუნების და ადგილზე მათი დახმარების გაწევის საკითხში, სამაგალითო შეიძლება აღმოჩნდეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

აღინიშნა, რომ პანდემიის გავრცელებისთანავე, საკოორდინაციო საბჭომ საგარეო უწყების საქმიანობის მთავარ მიმართულებებად ორი ძირითადი მიზანი განსაზღვრა, კერძოდ: უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ადგილზე ზრუნვა და მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში.

მინისტრის თქმით, საელჩოების დახმარებით, მოქალაქეთა დაბრუნება ხორციელდება სამი ძირითადი გზით:  საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო. ამ დროისთვის კი, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული 61 ავიარეისი განხორციელდა, ხოლო არსებული საჭიროებების მიხედვით, ავიაკომპანია „Georgian Airways”-სთან თანამშრომლობით, ავია-რეისების დაგეგმვა და განხორციელება გრძელდება.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში დაბრუნების მსურველთა იდენტიფიკაცია ხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით და ფორმებით, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების ბილეთებით უზრუნველყოფასა და გამომგზავრებას. შედეგად, სახელმწიფომ უზრუნველყო სამშობლოში ქრონიკული დაავადების მქონე პირების, ხანდაზმულების, ორსულების,  მცირეწლოვნებისა  და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების სამშობლოში დაბრუნება. საერთო ჯამში, დღეის მონაცემებით, ამ კატეგორიის 2 828  მოქალქეა დაბრუნებული სამშობლოში.

მინისტრის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მსოფლიოში დაწესებული უპრეცედენტო შეზღუდვების ფონზე, უზრუნველყო სატრანზიტო მარშრუტების დაგეგმვა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ე.წ. გამგზავრების ჰაბებში იყვნენ გადაყვანილი; ასევე, ხდებოდა სახმელეთო მონაკვეთებზე გადაადგილების დერეფნებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. ამასთან, დიპლომატიური წარმომადგენლობები მოქალაქეებს ე.წ. ალტერნატიული მარშრუტების მოძიებაში ეხმარებოდნენ, რომლებიც სხვა ავია-კომპანიების მიერ სრულდებოდა. შედეგად, მინსკი-ერევანი-თბილისის ტრანზიტული მარშუტით 2 113 მოქალაქემ ისარგებლა, რაშიც დიდია ბელორუსსა და სომხეთში საქართველოს საელჩოების დამსახურება და  პარტნიორი სახელმწიფოების როლი.

მინისტრმა, ასევე, ისაუბრა მომავალი ავიარესიების შესახებ. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოსთან განისაზღვრა შემდგომი ავიარეისების განრიგი:

ამასთან, ზალკალიანის განცხადებით, ცალკეულ ქვეყნებში ეპიდემიის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ და ზომების შემსუბუქებამ, მოქალაქეთა საქართველოში გამომგზავრების მოთხოვნა შეამცირა. შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილებით, 22 მაისის შემდგომ "Georgian Airways" აღადგენს კომერციული ხასიათის რეისებს.

მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ სახმელეთო და საზღვაო გზებით მოქალაქეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების უზრუვლეყოფის კუთხით აქტიური სამუშაოები განხორცილედა. შედეგად, ჩაკეტილი საზღვრების და გადაადგილებაზე დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვების ფონზე, სახმელეთო გზით, სამშობლოში 3 946 მოქალაქის დაბრუნება გახდა შესაძლებელი, რაც ხშირად დაკავშირებული იყო ურთულესი დერეფნების უზრუნველყოფასთან.

ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებისთვის, სამშობლოში მათ გამომგზავრებამდე,  შესაბამისი დახმარების უნზრუნველყოფაზე, რაც უწყების უმთავრესი ამოცანა იყო.

მისი თქმით, მოქალაქეებზე ზრუნვა შემდეგი მიმართულებებით განისაზღვრა: საცხოვრებლის გარეშე დარჩენილთა თავშესაფრით უზრუნველყოფა; საკვების/წყლის, სასურსათო ვაუჩერებისა და სხვა აუცილებელი საჭიროებების მიწოდება; მოქალაქეების მედიკამენტებით მომარაგება; ჯანდაცვის უწყებასთან თანამშრომლობით, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციების პლატფორმის დაფუძნება, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები პირდაპირ რეჟიმში იღებენ ექიმ-ინფექციონისტის და სხვა  სპეციალისტების კონსულტაციებს; მუდმივ რეჟიმში ხდებოდა შესაბამისი რეაგირება  მოქალაქეთა საჭიროებებზე: კონსულტაცია, შუამდგომლობები ადგილობრივ უწყებებთან, საემიგრაციო/სავიზო სამსახურებთან, დამსაქმებლებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან, უფასო საკონსულო მომსახურება, სადაზღვევო პოლისების ვადების გაგრძელება და ა.შ. ჯამში, ადგილზე დახმარება  უცხოეთში მყოფ 19 417  მოქალაქეს გაეწია.

აღინიშნა უცხოეთში მყოფ სტუდენტებისთვის გაწეული დახმარება, რომელთა დიდი ნაწილი პანდემმიის პირობებში საცხოვრებლის და სტიპენდიის გარეშე დარჩა. მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამშობლოში 682 სტუდენტი დაბრუნდა. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით და პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან სტუდენტების დაბრუნება. ასევე, აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მყოფი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნება; ადგილზე, სამედიცინო და სხვა ინდივიდუალური ხასიათის ქმედითი დახმარებების აღმოჩენა.

მინისტრის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო ინფიცირებული მოქალაქეები - კორონა-ვირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული - უმრავლეს შემთხვევებში სახეზეა დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები, ხოლო ინფექციით საზღვარგარეთ  საქართველოს 13  მოქალაქე გარდაიცვალა. აღინიშნა, რომ არსებული შეზღუდვების ფონზე,  გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები გამკაცრებულია, ცხედრების ტრანსპორტირების პროცესი კი შეფერხებული, რის გამოც სახელმწიფო ადგილზე უზრუნველყოფდა ცხედრების სათანადოდ შენახვას.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ სამინისტრო, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების  დახმარების გარდა, აქტიურად მუშაობდა ქვეყნის სხვადასხვა საჭიროებებზე, როგორიცაა: დეფიციტური სამედიცინო ნედლეულის მოძიება და მომარაგება, ტვირთებისათვის დერეფნების უზრუნველყოფა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და დიპლომატებზე ზრუნვა.

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის დღის წესრიგის მთავარი საზრუნავი დაავადებასთან გამკლავება იყო, სამინისტროს არ შეუჩერებია მუშაობა იმ მიმართულებებზეც, რომლებიც საგარეო უწყების ჩვეულებრივი დღის წესრიგის ნაწილია და სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ  პანდემიის პირობებში შევინარჩუნეთ ჩვენი საგარეო-პოლიტიკური საკითხების აქტუალობა. მათ შორის, აქტუალური იყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გადადგმულ უკანონო ნაბიჯებზე, ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე მივიღეთ უპრეცედენტო ხასიათის რეაგირება; გაიმართა საქართველოს-პრემიერ მინისტრის ვიდეო-კონფერენციები და სატელეფონო საუბრები  ევროკომისართან გაფართოების საკითხებში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. აქტუალური და მნიშვნელოვანი ხელშესახები  შედეგების მომტანი იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობა, შედგა სატალეფონო საუბრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან,  ნატოს მინისტერიალი, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში გაძლიერდა უკრაინისა და საქართველოს მხარდამჭერი ზომები; გაიმართა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, საგარეო მინისტრის 30-მდე ვიდეო-შეხვედრა და სატელეფონო საუბრები; ასევე, საქართველოს თავმჯდომარეობის ინიციატივით, განახლდა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მუშაობა და მიღებულ იქნა COVID-19-ზე წევრი სახელმწიფოების დეკლარაცია“, - განაცხადა ზალკალიანმა.