პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს საპატიო საკონსულოს და კონსულის მხარდაჭერა უკრაინას


03.04.2022

ქ. მილანში საქართველოს საპატიო საკონსულოს ინიციატივით და საპატიო კონსულის, ლელიო ორსინი დ'არაგონას უშუალო ჩართულობით, ასევე, საკონსულოს მეგობრების აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით, უკრაინის ჯანდაცვის სექტორის დასახმარებლად საქველმოქმედო აქტივობა განხორციელდა.  

სამი კვირის განმავლობაში შეგროვებული თანხით (16.358,98€) საკონსულომ რვა ლაბორატორიული მაცივარი შეიძინა, რომელიც სისხლისა და მედიკამენტების შენახვისთვის არის განკუთვნილი. 

აღსანიშნავია, რომ საკონსულოს მიერ შეძენილი მაცივრების რაოდენობა უკრაინის ჯანდაცვის სისტემის საერთო საჭიროების 10%-ს შეადგენს და ისინი საქართველოს საპატიო საკონსულოს მიერ, 29 მარტს, ქ.მილანში უკრაინის გენერალურ საკონსულოს გადაეცა. 

31 მარტს, სამედიცინო ინვენტარით დატვირთული ტრანსპორტი მილანიდან უკრაინის ქ.ლვივისკენ დაიძრა, სადაც, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ჰოსპიტალში გადანაწილდება.  

ქ.ლვივში ასევე გაიგზავნა მედიკამენტები და პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები, იტალიაში საქართველოს საელჩოსა და ქ.ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ.