პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს საზღვრის კვეთისას 8 ქვეყნიდან მომავალი მგზავრები გაივლიან კარანტინს


12.03.2020

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის  (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საზღვრის კვეთისას, როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, ფართოვდება შეზღუდვები როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. კერძოდ, ეს ქვეყნებია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მაღალი რისკის სახელმწიფოები: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა და დამატებით ის ოთხი ქვეყანა, სადაც მაღალია და სწრაფად იზრდება დაინფიცირების შემთხვევები - ესპანეთის სამეფო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ავსტრიის რესპუბლიკა და საფრანგეთის რესპუბლიკა.

 

საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს:

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის არსებობის პირობებში, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში და ასევე, იმ ქვეყნებში, სადაც იზრდება დაინფიცირების შემთხვევები.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ვთხოვთ გაითვალისწინონ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, იტალიის რესპუბლიკაში, კორეის რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ავსტრიის რესპუბლიკაში და საფრანგეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ან ზემოხსენებულ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნებისას ისინი ვალდებულნი არიან გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებისთვის:

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.

საქართველოში ჩამომსვლელი პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ან მოემგზავრებიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი და ის ქვეყნები, სადაც მზარდია დაინფიცირების დინამიკა - საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია) გავლით:

- ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და ვალდებულნი არიან გაიარონ  შესაბამისი ეპიდემიოლოგიურ შემოწმება, შემდეგ კი სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

ან

- წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.