პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან


02.04.2022

31 მარტს, ლატვიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. ელჩმა სიტყვით მიმართა დიასპორის წარმომადგენლებს, მიულოცა მათ 1991 წელს, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის 31-ე წლისთავი, ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობის დაცვის მნიშვნელობას, განსაკუთრებით დღეს, უკრაინაში მიმდინარე რუსული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე.

შეხვედრის ფარგლებში საელჩოს მრჩეველმა, თამარ ღვინაძემ დიასპორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ პროექტების და პროგრამების შესახებ, რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის ხორციელდება და ასევე აძლევს მათ ჩართულობის შესაძლებლობას საქართველოს წარმოჩენის პროცესში.

შეხვედრაზე საელჩოს მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა დიასპორის წარმომადგენლების მხარდაჭერა და თანამშრომლობის მზადყოფნა.