პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ინდოეთში ჰინდი ენაზე გამოიცა


14.12.2020

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არჩილ ძულიაშვილის ინიციატივით და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ინდოეთში ჰინდი ენაზე გამოიცა (Sher Ki Khaal Wala Samant Shoorvir"). ჰინდი ენაზე თარგმნილი ქართული პოემის პრეზენტაცია ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, ვირტუალურ ფორმატში, გაიმართა.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ნაწარმოების უნიკალურ ხასიათზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ქართული ლიტერატურის უდიდესი შედევრია, რომელიც აღწერს ბრძოლას ნათელსა და ბნელს შორის.

„2016 წელს, როდესაც ინდოეთში პირველად ჩამოვედი დიპლომატიური მისიით, რათა წარმედგინა ჩემი ქვეყანა - საქართველო, მომეცა ფანტასტიური შესაძლებლობა უკეთ გავცნობოდი ინდურ კულტურას, რომელმაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩვენს გულებში. უძველესი კულტურითა და ტრადიციებით, საქართველო და ინდოეთი ყოველთვის ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.

ინდოეთში ჩასვლის პირველივე დღიდან, მოტივირებული ვიყავი, ინდოელი მკითხველისთვის, ქართული ლიტერატურის ბრწყინვალება გამეცნო და დღეს, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პირველად, ჰინდი ენაზე, გამოქვეყნდა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შედევრი - ვეფხისტყაოსანი“, რომელიც უდიდესი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მიერ არის დაწერილი. ეს არის პოემა თავისი უნივერსალური ღირებულებებით, რომელიც აღწერს ბრძოლას ნათელსა და ბნელს შორის", - განაცხადა ინდოეთში საქართველოს ელჩმა.

პრეზენტაციაზე ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ორგანიზატორებს და „ვეფხისტყაოსნის“ ჰინდი ენაზე თარგმნის პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს.

მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დიდებული პროექტის შექმნაში და ასევე, ვულოცავ ყველას, ამ ისტორიული პროექტის წარმატებით დასრულებას.

აქვე მსურს მადლობა გადავუხადო ლიტერატურის ფესტივალის დირექტორებს, რომ საშუალება მოგვცეს წარვადგინოთ ეს ეპიკური პოემა საქართველოდან. მადლობა ყველას, ვინც ჩვენ გვერდით იყო", - აღნიშნა საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა ჰინდი ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის ონლაინ პრეზენტაციაზე.

პოემის თარგმანი ეკუთვნის ინდოელ პოეტსა და მთარგმნელს - დოქტორ ბჰუპენდერ აზიზ პარიჰარს, ხოლო ინდური სტილით შესრულებული ილუსტრაციები შექმნა მუმბაიში მოღვაწე მხატვარმა ონკარ ფონდეკარმა.

წიგნის შეძენა შესაძლებელია, როგორც ინდოეთში წიგნების მაღაზიებში, ასევე ელექტრონულად.