პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შვედეთის რეგიონ სკონეში „ქართული ქვევრის ღვინის მარანი“ გაიხსნა


03.09.2020

მიმდინარე წლის 29 აგვისტოსშვედეთის სამხრეთ რეგიონ სკონეში, ვეიბის ვენახში, საზეიმოდ გაიხსნა  „ქართული ქვევრის  ღვინის მარანი“. ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მალხაზ კაკაბაძე და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა მარნის მფლობელი იეპე აპელინი (Jeppe Appelin), რომელმაც ისაუბრა საქართველოს, მისი ისტორიისა და ტრადიციების, განსაკუთრებით კი საქართველოს, როგორც მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყნის, თაობაზე და ქვევრის მნიშვნელობაზე.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, აგრეთვე, შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ და შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჰანს ვოლმარკმა (Hans Wallmark), რომელმაც ვრცლად ისაუბრა საქართველო-შვედეთის ურთიერთობებზე, საქართველოს როლზე რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიებზე და ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ქვევრის ღვინის მარნის საზეიმოდ გახსნის ღონისძიებაზე ქართული საგალობლები შეასრულა სტოკჰოლმის წმინდა გიორგის სამრევლოს მგალობელთა გუნდმა თემურ პოტასკაევის ხელმძღვანელობით და მარანი აკურთხა შვედეთის წმინდა გიორგის სამრევლოს მღვდელ-მსახურმა დეკანოზმა მამა შიომ.