პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის საქმიანობაში


02.11.2023

„ათენის საკონსულო ოლქში (ატიკა, ცენტრალურის საბერძნეთი, კრეტა, იონიის კუნძულები (ეპტანისა), სამხრეთ ეგეოსის კუნძულები (კიკლადები, ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულები (დოდეკანისა), პელოპონისი, დასავლეთ საბერძნეთი, ეპიროსი) მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ.

ძვირფასო თანამემამულენო,

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან ქ. ათენში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური საქართველოს მოქალაქეების უფრო მეტად ეფექტურად და კვალიფიციურად მომსახურების მიზნით, გადადის ახალ სამუშაო რეჟიმზე.

ამჟამად, მოქალაქეთა მიღების საათებში, საკონსულოს თანამშრომლებს პარალელურად უწევთ სხვა მოქალაქეებისათვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა, რაც საკონსულოში მოსულ და, ასევე, სატელეფონო კონსულტაციის მოლოდინში მყოფი მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს. აღნიშნული ვითარების დარეგულირების მიზნით, 6 ნოემბრიდან საკონსულოს თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა სატელეფონო კონსულტაცია (ტელ. 210 748 91 80) განხორციელდება მხოლოდ მიღების საათების დასრულების შემდეგ, 13.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე. ამასთანავე, ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს საკონსულოს გადაუდებელი დახმარების ცხელი ხაზი (ტელ. 695 222 00 00) და საკონსულოს ფეისბუქ გვერდის ე.წ. „ჩათ-ბოტი“.

აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს როგორც საკონსულოში მოსული მოქალაქეების მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, აგრეთვე სატელეფონო კონსულტაციების დროს მოქალაქეთათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც დაინერგება 6 ნოემბრიდან, მიმართულია საქართველოს მოქალაქეებთან უფრო მეტი კომუნიკაციისაკენ და მათი სხვადასხვა სახის პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტისკენ. ამ მიზნით, ყოველი კვირის პარასკევ დღეს 14.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ კონსულს. კონსულთან შეხვედრაზე ჩასაწერად, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დარეკონ საკონსულოს ტელეფონის ნომერზე (ტელ. 210 748 91 80). შეხვედრის დრო თითოეულ მოქალაქეზე გამოყოფილი იქნება 30 წუთი, რაც სრულად საკმარისია იმისათვის, რომ მოხდეს კონსულისათვის იმ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება, რომლის გადაჭრა ვერ ხერხდება სატელეფონო კონსულტაციისა ან საკონსულო მომსახურების შედეგად.

ზემოაღნიშნული ინიციატივა იფუნქციონირებს საპილოტე (საცდელ) რეჟიმში და მისი წარმატების შემთხვევაში დაინერგება მუდმივი სახით.

ქ. ათენში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური საქართველოს ყველა მოქალაქეს ჯანმრთელობასა და წარმატებებს უსურვებს!“ - საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გვერდს:

https://www.facebook.com/GeoinGreece