პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტალინში საკვირაო სკოლამ „მზიური“ ღია გაკვეთილი გამართა


09.03.2020

მიმდინარე წლის 8 მარტს, ესტონეთის რესპუბლიკაში მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლაში „მზიური“ დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღია გაკვეთილი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ყარაულაშვილი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღია გაკვეთილის ფარგლებში საკვირაო სკოლის აღსაზრდელები გაეცნენ საქართველოში დედის დღის დაწესების ისტორიას და მის მნიშვნელობას. გაკვეთილი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მას სკოლის ხელმძღვანელი და პედაგოგი ქეთევანი ფალელაშვილი უძღვებოდა.

აღსანიშნავია, რომ ტალინში არსებული ქართული საკვირაო სკოლა „მზიური“ აქტიურად მართავს მსგავსი სახის საჯარო ღონისძიებებს, მათ შორის, ქართული პოეზიის საღამოებს, კონკურსებსა და გამოფენებს დედა ენის, ქართული ზღაპრების გმირებისა თუ ნაციონალური სამოსის თემატიკაზე. ესტონეთში მცხოვრებ ახალგაზრდა თანამემამულეებში ეროვნული თვითმყოფადობის, მშობლიური ენისა და ქართული კულტურის შენარჩუნების მიზნით, სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი კურსების გარდა, აგრეთვე, ტარდება ქართული ფოლკლორისა და ხელოვნების გაკვეთილები. ამასთან, საკვირაო სკოლა პოპულარიზაციას უწევს ქართულ კულტურას და ტრადიციებს ესტონელ მოზარდებშიც, იგი ხშირად აწყობს ქართული თემატიკის ირგვლივ სხვადასხვა სახის აქტივობებს ესტონეთის იმ საჯარო სკოლებში, სადაც საკვირაო სკოლის აღსაზრდელები სწავლობენ. სკოლა „მზიური“ 2010 წელს დაარსდა ქეთევან ფალელაშვილის ინიციატივით.