პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თანამემამულეების სამშობლოში დასაბრუნებლად, დღეს, ავიარეისი ათენიდან შესრულდება


05.05.2020

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს, 5 მაისს, შესრულდება ჩარტერული რეისი ათენიდან თბილისის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს არის მესამე ჩარტერული რეისი საბერძნეთიდან. მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებებისა და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკო პაციენტები, ფეხმძიმე ქალბატონები და მათი თანმხლები პირები, არასრულწლოვანი და ხანდაზმული მოქალაქეები.

აღნიშნული რეისით, ასევე, ისარგებლებენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ტრანზიტულად მგზავრობდნენ საბერძნეთის გავლით და კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ვერ ახერხებდნენ ქვეყნის დატოვებას. ავიარეისით სამშობლოს დაუბრუნდებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც COVID- 19-ის გავრცელების შედეგად დარჩენილი იყვნენ თავშესაფრის გარეშე.

საელჩო ორგანიზებას გაუწევს ჯანმრთელობის განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობის მქონე პირების სპეციალური რეანომობილით ტრანსპორტირებას აეროპორტამდე.

ამასთან, ქ.სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით, უზრუნველყოფილ იქნა იმ ჩვენი თანამემამულეების ათენამდე ტრანსპორტირება, ვინც კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების პირობებში ვერ ახერხებდა დამოუკიდებელ საქალაქთაშორისო გადაადგილებას.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავადან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ., აგრეთვე, აშშ-დან.

5 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18 857 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 9 630 მოქალაქე.

შეგახსენებთ, თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს, ელექტრონული ფორმით, სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ახლო მომავალში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ზემოჩამოთვლილ რეისებს (გარდა 10 და 17 მაისისა) კომპანია „Georgian Airways“ ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი შეადგენს 199 ევროს. აღნიშნული რეისები სრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, გადის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

[საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისადმი გაწეული დახმარებისა და მათი სამშობლოში დაბრუნების თაობაზე ყოველდღიურად განახლებად სტატისტიკურ ინფორმაციას საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს: http://gov.ge/s/adcb7]