პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თანამოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად 10 აპრილამდე კიდევ 5 რეისი შესრულდება 


25.03.2020

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად 10 აპრილამდე კიდევ 5 რეისი განხორციელდება. აღნიშნულის თაობაზე დავით ზალკალიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გამართულ  დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.  

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ავიაკომპანია „აირზენა-საქართველოს ავიახაზები“ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით ეტაპობრივად  განახორციელებს  საჰაერო ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნულის ფარგლებში უკვე განხორციელდა ორი რეისი - 23 მარტი - თბილისი - ბერლინი - ბათუმი  და 24 მარტი - ათენი - თბილისი - ათენი (განხორციელდა „ეგეოსის ავიახაზების“ მიერ), რომლის შედეგად სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე, ხოლო 2020 წლის 10 აპრილის ჩათვლით განსაზღვრულ მიმართულებებზე კი ფრენების განრიგი გახლავთ შემდეგი:

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მგზავრთა ნაკადის ორგანიზებული მართვისა და მოქალაქეების საჭიროებებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ზემოთ მოცემული განრიგით განსაზღვრულ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე.

რაც შეეხება უახლოეს ორ ფრენას, ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით, რომელიც უნდა შესრულდეს -  26 მარტს - ვენა და 31 მარტს - ამსტერდამი. როგორც უკვე ცნობილია, კომპანია აირზენასთბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით 22 მარტს ჰქონდა დაგეგმილი რეგულარული რეისი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების  გამო გაუქმდა.  შედეგად, ქ. ვენაში, ამ დრომდე  იმყოფებიან გაუქმებული რეისის მგზავრები, რომელთა  დიდი ნაწილიც  თავშესაფრით და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყო საქართველოს საელჩომ ავსტრიის რესპუბლიკაში. 

ანალოგიური ვითარებაა ამსტერდამში, სადაც კომპანიის მიერ 21 და 23 მარტს დაგეგმილი რეისების გაუქმების შედეგად საქართველოს ათეულობით მოქალაქე დარჩა გარეთ და ამ შემთხვევაშიც, საელჩოს დახამრებით მოხდა მათი დროებით დაბინავება და პირველადი საჭიროებით უზრუნველყოფა.

აუცილებელია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დროებით არიან განთავსებული სხვადასხვა ადგილას (ვენა და ამსტერდამი), დავაბრუნოთ სამშობლოში. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა არ არის მცირე და ორივე საჰაერო ხომალდი, ფაქტობრივად, სრულად ივსება. მეტი გამჭირვალობისა და სანდოობისთვის კომპანია მზად არის გამოაქვეყნოს შესაბამისი დამატებითი დოკუმენტაცია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა, აგრეთვე, ისაუბრა შემდგომ ფრენებზე - ვარშავის (3 აპრილი), ათენის (7 აპრილი) და ლარნაკას (10 აპრილი) მიმართულებებით და აღნიშნა, რომ მოცემულ რეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, რეისის შესრულების თარიღიდან რამდენიმე დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებ-გვერდზე. მისი თქმით, აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით; ყოველი მომდევნო რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაცია კი განთავსდება  წინასწარ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია „აირზენას“ ვებ-გვერდებზე.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, აღნიშნული კატეგორიის სამგზავრო ბილეთის ფასი (ნებისმიერი კლასის შემთხვევაში) არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი იქნება მკაცრად გაკონტროლებული, ხოლო საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი კი დაექვემდებარება 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.