პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„თბილისობა 2019“ ვილნიუსში


11.10.2019

მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, ქ. ვილნიუსის ცენტრალურ ქუჩაზე, ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ქართული დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით, „თბილისობის“ აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.

ღონსიძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვაში, ლევან ღვაჩლიანმა. სიტყვით გამოსვლისას ელჩმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა დაძმობილებულ ქალაქებს, თბილისსა და ვილნიუსს, შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. წელს, საქართველოს და ლიეტუვის დედაქალაქები პარტნიორობის მეათე საიუბილეო წელს აღნიშნავენ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ლიეტუვაში მოღვაწე ქართველი მხატვრის ნიკოლოზ გამხიტაშვილის ქართული ტიხრული მინანქრის ნამუშევრების გამოფენა, მოეწყო ფოტოგამოფენა „ქართული ეროვნული სამოსის მრავალფეროვნება“ და წარმოდგენილ იქნა ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნამუშევრები და „საქართველოს სურნელებისა და ხელოვნების სახლი“.

ამასთან, გაიმართა ლიტვურ ენაზე თარგმნილი ქართული ლიტერატურის - ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „ლირიკა“, ქართველი პოეტების ანთოლოგიისა და ბონდო მიქაბერიძის საბავშვო ზღაპრების პრეზენტაციები.

დამსწრე საზოგადოებისთვის ქართული სიმღერები შეასრულეს ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრებმა.

„თბილისობის“ აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილ იქნა ქართული მინერალური და გამაგრილებელი სასმელები და ქართული ნობათი. ვილნიუსელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ ადგილზე გასცნობოდნენ ტრადიციული ნუგბარის - ჩურჩხელის მომზადების წესს.

ღონისძიებას დაესწრნენ ქართული დიასპორის წევრები, ლიეტუვაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები, ლიეტუვის მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ქართული კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენის მიზნით, ლიეტუვაში საქართველოს საელჩო „თბილისობის“ დღესასწაულს ვილნიუსში ყოველწლიურად მართავს და წელს, იგი უკვე მეხუთედ ჩატარდა.