პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თესალონიკის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა


11.04.2023

„დღეს თითოეული ჩვენგანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა. თესალონიკის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ყველა ასაკის მკითხველისთვის იხსნება ქართული ბიბლიოთეკა“- განაცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ ბიბლიოთეკის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე. გახსნას ესწრებოდნენ თესალონიკის საკრებულოს თავმჯდომარე პეტროს ლეკაკისი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ანი კუდუხაშვილი, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ნოდარ კომახიძის განცხადებით, 2017 წელს, თესალონიკში ქართული ბიბლიოთეკის გახსნას საფუძველი ჩაუყარა მაშინდელმა გენერალურმა კონსულმა მუხრან გულაღაშვილმა. დღეს კი, საქართველოს გენერალურმა საკონსულომ, თესალონიკის საკრებულოს თავმჯდომარის პეტროს ლეკაკისის უდიდესი მხარდაჭერით შეძლო ბიბლიოთეკის გახსნის იდეის ბოლომდე მიყვანა.

ნოდარ კომახიძემ მადლობა გადაუხადა თესალონიკის მერს კონსტანტინო ზერვას და საკრებულოს თავმჯდომარეს პეტროს ლეკაკისს თესალონიკის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ქართულის სივრცის გახსნის საქმეში მხარდაჭერისთვის. მან ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, თესალონიკის ქართული ბიბლიოთეკისათვის წიგნების საჩუქრად გადმოსცემისთვის.

საკრებულოს თავმჯდომარემ პეტროს ლეკაკისმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართული ბიბლიოთეკის გახსნა მნიშვნელოვანია როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის, ასევე თესალონიკის საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის, რათა მათ შეინარჩუნონ ქართული ენა და კავშირი სამშობლოსთან.

ბიბლიოთეკის გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა მარინა ავაზაშვილის მიერ ბერძნულად ენაზე ნათარგმნი ქართული ზღაპრებისა და ქართული ანბანის ისტორიის პრეზენტაციები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://bit.ly/41B3RqH