პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უკრაინაში საქართველოს ელჩი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „იბერიელს“ ეწვია


27.01.2020

25 იანვარს, ქ. კიევში, უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ეწვია სრულიად უკრაინის საზოგადოებრივ გაერთიანებასთან „გეორგია“ არსებულ  ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს იბერიელი“.

კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა დიასპორის წარმომადგენლებთან და ცენტრთან მოქმედი საკვირაო სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან. ელჩი პირადად გაეცნო ქართული საკვირაო სკოლის სამუშაო პროცესს, გაესაუბრა მასწავლებლებს და სკოლის აღსაზრდელებს.

თავის მხრივ, შეხვედრაზე დიასპორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საყოფაცხოვრებო საკითხებზე, მათ წინაშე არსებულ ყველა პრობლემაზე, მათ შორის, უკრაინაში ქართველების დასაქმების საკითხზე და ელჩთან ერთად დასახეს სამომავლოდ თანამშრომლობისა და არსებული პრობლემების მოგვარების გზები.

სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების „გეორგია“ და მასთან არსებული ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის „იბერიელი“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გახლავთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბესიკ შამუგია. კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი მიზნად ისახავს უკრაინაში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერას, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობასა და საქართველოს პოპულარიზაციას. ქართულ საკვირაო სკოლასთან ერთად, ცენტრის ბაზაზე ასევე ფუნქციონირებს ქართული ბიბლიოთეკა, რომლის ფონდი 3000-ზე მეტ ქართულ გამომცემლობას ითვლის და ქორეოგრაფიული ანსამბლი - „იბერიელი", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე მაკა ლომსაძე.