პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"უთქმელი ამბები" - სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეების ფოტოისტორიები


28.04.2020

პუბლიკაცია „უთქმელი ამბები - დაბრუნებული ქართველი მიგრანტების ფოტოისტორიები“ მოიცავს იმ ქართველი მიგრანტების ამბებს, რომლებიც საზღვარგარეთ ყოფნის შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ და გაეროს სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM – UN Migration Agency) დახმარებით ცხოვრება თავიდან დაიწყეს.

აღნიშნულ პუბლიკაციაში სამშობლოში დაბრუნებული ჩვენი თანამოქალაქეები გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას მიგრაციისა და დაბრუნების შესახებ იმ იმედით, რომ შესაძლოა მათი ისტორიები ჩვენს სხვა თანამემამულეებს დაეხმაროს მიგრაციასთან დაკავშირებით გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებაში ორივე შემთხვევაში, როდესაც ისინი ფიქრობენ სამშობლოში დაბრუნებაზე, ან პირიქით, გეგმავენ თავიანთი ქვეყნის დატოვებას.

„ეს არ გახლავთ უბრალოდ ისტორიები წარმატებისა თუ მარცხის შესახებ - მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თითოეულ ისტორიას საფუძვლად უდევს ძლიერი ადამიანური ფაქტორი!“ - სანია ჩელებიჩ ლუკოვაც, გაეროს სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM – UN Migration Agency) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.

 

თინა აბულაშვილი 58 წლის / სოფელი მატანი

2004-ში წავედი და 7 წელი ვიყავი საბერძნეთში. სულ 4 ოჯახში ვმუშაობდი, მაგრამ, პარალელურად, ალბათ 10 ოჯახში მაინც დავდიოდი დასალაგებლად. მხოლოდ ერთი კვირა დღე გვქონდა დასვენების, მე ეგ დღე ორად გავყავი და ორ ოჯახში დავდიოდი და ვალაგებდი. უკვე ერთი წელია, რაც ჩამოვედი. მინდოდა, რომ წვრილმანების მაღაზია გამეხსნა აქ, სოფელში, სასოფლო-სამეურნეო. ცოტა მოშორებით ვართ ქალაქიდან. არადა, დიდი სოფელია და წვრილმანებზე ბევრს არ შეუძლია რომ ქალაქში წავიდეს. ძალიან მინდოდა ამის გაკეთება და IOM-ის დახმარებით შევძელი კიდეც. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ფართი სხვისია და ქირაში ბევრის გადახდა მიწევს, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება. ეს მაღაზია ძალიან მნიშვნელოვანი გახდა უკვე ჩვენი სოფლისთვის, სულ რაღაც გჭირდება სახლისთვის და შორს სიარული აღარ უწევთ.

მეტის ნახვა

თეა წოწორია 38 წლის / ფოთი

ჩემი მეუღლე მსოფლიო ჩემპიონია კრივში, მაგრამ სამსახური არ ჰქონდა და ამიტომ წავედით.

2016 წელს მთელი ოჯახი ვიყავით წასული გერმანიაში, უმცროსი შვილიც იქ შეგვეძინა. ჩემი მეუღლე მსოფლიო ჩემპიონია კრივში, მაგრამ სამსახური არ ჰქონდა და ამიტომ წავედით. გვეგონა, რადგან აქტიური სპორტსმენი იყო, იქ უკეთესი პირობები იქნებოდა, უფრო მეტი მიღწევები ექნებოდა, მაგრამ არ იყო ასე, ზუსტად 2 წლის თავზე უკან დავბრუნდით.

მეტის ნახვა

თეიმურაზ ქარსელაძე 38 წლის / ქუთაისი

ოჯახის მონატრებას ვერ გავუძელი და წამოვედი. პროფესიით პედაგოგი ვარ - ფიზკულტურის მასწავლებელი, თუმცა არასდროს მიმუშავია ჩემი სპეციალობით. ამჟამად დისტრიბუციაში ვმუშაობ და ჩემი ყავის აპარატიც მაქვს, რომელიც ახლახანს შევიძინე IOM-ის პროგრამის საშუალებით, იმედია, გაამართლებს. საზღვარგარეთ წასვლამდე უმუშევარი ვიყავი, ამიტომ ჯერ ინგლისში მქონდა გადაწყვეტილი წასვლა, მაგრამ მერე ირლანდია მირჩიეს და 8 თვე იქ გავატარე. ლტოლვილად ჩავბარდი, მაგრამ ოჯახის მონატრებას ვერ გავუძელი და წამოვედი. სადმე წასვლაზეც ნამდვილად აღარ მიფიქრია, რაღაც გეგმები მაქვს ჩემი, პირადი დისტრიბუციის ბიზნესთან დაკავშირებით.

მეტის ნახვა

ლანა ბაჩიბერაძე 35 წლის / თბილისი

9 წლის განმავლობაში მე და ჩემს მეუღლეს არ გვყავდა შვილი. ყველაფერი ვცადეთ, რაც კი საქართველოში იყო შესაძლებელი. შემდეგ გვირჩიეს, რომ გერმანიაში წავსულიყავით გამოკვლევაზე. სასწაული მოხდა, იქ ჩასვლისთანავე დავფეხმძიმდი და გიოც ძალიან მალე გაგვიჩნდა. გერმანიაში ლტოლვილად ჩავბარდით და თითქმის 4 წელი იქ ვიცხოვრეთ, მეუღლე მუშაობდა, მე კი დიასახლისი ვიყავი. ოთხი წლის მერე ჩვენი ნებით წამოვედით. IOM-ის დახმარება ჩვენი სახლის რემონტს მოვახმარეთ, თუმცა ჯერ მაინც ვერ გადმოვდივართ აქ საცხოვრებლად, რადგან გვჭირდება დრო, რომ ავეჯის შეძენა შევძლოთ. ეს ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია. პროფესიით მხატვარი ვარ, გაფორმება და დიზაინი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მალევე დავოჯახდი და ვეღარ მივხედე ჩემს კარიერას. ახლა ბავშვი მყავს პატარა, 3 წლის და ვარ დიასახლისი, მაგრამ ძალიან მინდა სამსახურის დაწყება.

მეტის ნახვა