პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უზბეკეთში სახალხო ზეიმი „ქართული შემოდგომა ტაშკენტში“ გაიმართა


05.10.2019

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ქ. ტაშკენტში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა ქართული კულტურის, ღვინისა და რთველისადმი მიძღვნილი სახალხო ზეიმი „ქართული შემოდგომა ტაშკენტში“.

ქართული კულტურის ტრადიციულ ზეიმში მონაწილეობა მიიღეს უზბეკეთის რესპუბლიკაში არსებულმა ქართული დიასპორული ორგანიზაციების წევრებმა, საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა, უზბეკეთში აკრედიტებული რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საელჩოს კონსულმა გიორგი ბოჭორიშვილმა და ქართული დიასპორის თავმჯდომარის მოადგილემ ზ. სულაკაძემ. გამომსვლელებმა თავიანთ სიტყვაში ისაუბრეს ორ ქვეყანას - საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ქართული დიასპორის საქმიანობის მნიშვნელობას.