პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ვეფხისტყაოსანი“ ბენგალურ ენაზე გამოიცა


09.02.2022

2022 წლის იანვარში ბანგლადეშში პირველად გამოიცა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

პოემის თარგმანი ეკუთვნის ბატონ ტაჰერულ ისლამ ტაჰერს, ხოლო წიგნისთვის შექმნილი, ბენგალური სუბკონტინენტური კულტურის თავისებურებების გათვალისწინებით შესრულებული ილუსტრაციები მოამზადა ბატონმა მაჰმუდ ჰასანმა.

მიმდინარე წელს წიგნის გამოცემა უკავშირდება საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს.

აღსანიშნავია, რომ პოემის ბენგალურ ენაზე თარგმნა და გამოცემა შესაძლებელი გახდა, ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო საკონსულოს ფასდაუდებელი ჩართულობით.

წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში. ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს არარეზიდენტი ელჩი, ბატონი არჩილ ძულიაშვილი და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო კონსული, რიად მაჰმუდი წარუდგენენ „ვეფხისტყაოსანს“ ბანგლადეშის საზოგადოებას და ქვეყნის მთავრობის წევრებს. წიგნი ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ბენგალელი მკითხველისთვის.

საქართველოს საელჩო ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. დელი), გამოხატავს მადლიერებას ბანგლადეშში საქართველოს საპატიო კონსულის, ბ-ნი რიად მაჰმუდის მიმართ მის მიერ შეტანილი წვლილისთვის ქართული ლიტერატურის შედევრის წარმატებულად თარგმნისა და გამოცემის საქმეში.