პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ინოვაციური პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაში


14.11.2023

2023 წლის 14 ნოემბერს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ ევროკავშირის ინოვაციური პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქართული დიასპორის აქტიური მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ქართული დიასპორის ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას - საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ცოდნის, კავშირებისა და გამოცდილების წვლილს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების პროცესში.
ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მიმოიხილა ის პროგრამები და ღონისძიებები, რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის მხარდაჭერითა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. მან ისაუბრა იმ ინიციატივებისა და მხარდაჭერის შესაძლებლობებზე, რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ცოდნა-გამოცდილების მოზიდვასა და ქართული დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ პროექტი გაეროს ოთხი სააგენტოს ჩართულობით, ბიზნესთან და სახელმწიფო ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. იგი მიზნად ისახავდა საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებასა და კლასტერული თანამშრომლობის ხელშეწყობას. 
მის ფარგლებში, ქართულ კომპანიებსა და დარგობრივ კლასტერებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს საზღვარგარეთ მცხოვრებმა თანამემამულეებმა. დიასპორის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით მოხდა ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ცოდნის გაზიარება - უცხოურ კომპანიებთან და გამოფენებთან კომუნიკაცია და ქართული კერძო სექტორის წარმოჩენა ევროპულ ბაზარზე.