ჟენევაში ვიქტორ დოლიძე ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა 


01.06.2019 - ა.წ. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ვიქტორ დოლიძე ჟენევაში არსებული ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და მათ საჩუქრად ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა.

საკვირაო სკოლის აღსაზრდელებთან შეხვედრაზე ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საქმიანობაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა წარმოადგენს.

სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მომზადდა სპეციალურად საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები. სახელმძღვანელოები მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს. იგი აგებულია თანამედროვე სწავლების პრინციპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და ეხმარება მათ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.