პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
იანეთი - სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის სამტრედიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე გუბისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 30 მეტრზე, ქალაქ სამტრედიიდან 7 კმ-ში. სოფელზე გადის „თბილისი-სენაკი-ლესელიძის“ ცენტრალური საავტომობილო გზის მაგისტრალი და საქართველოს რკინიგზა (ბაქანი „იანეთი“), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 3 კმ-ს.
სოფელი იანეთი ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია XVI საუკუნეში. სოფელში მოქმედებს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც 2005 წელს აშენდა.
სოფელ იანეთის ტერიტორიაზე მდინარე რიონზე იყო სანაოსნო, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ტვირთის გადასაზიდად ქ. ფოთიდან იანეთამდე.
ამჟამად სოფლის ეკონომიკის ძირითადი სფეროებია მესაქონლეობა და მესიმინდეობა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 2016 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
2002 | 2341 | --- | --- |
2014 | 2016 | --- | --- |
სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ამბულატორია, რამდენიმე სპორტული მოედანი. სოფლის მოსახლეობა სარგებლობს მეზობლად მდებარე სოფელ დიდ ჯიხაიშში (5 კმ) არსებული საზოგადოებრივი ცენტრის სერვისებით (ორასამდე სახის მომსახურება, მათ შორის: კომპიუტერული ცენტრი, იურიდიული მომსახურება, საბანკო მომსახურება და სხვა). სოფელში არის ბენზინ და გაზგასამართი სადგურები, თანამედროვე და საოჯახო ტიპის სასტუმროები.
სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, წყალმომარაგება ხდება არტეზიული და ღია ჭებიდან. სოფელში არის საკაბელო ინტერნეტის ქსელი. სოფლის ცენტრალური გზა მოასფალტებული, თუმცა საჭიროებს შეკეთებას, შიდა გზები ნაწილობრივ მოასფალტებულია და ნაწილობრივ მოხრეშილი.