პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ცხომარეთი - სოფელი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში. ცხომარეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი, რომლის შემადგენლობაში შედიან სოფლები: მოხვა და უზუნთის უბანი. მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მეტრში, საჩხერიდან 10 კმ-ში, გომი-საჩხერე-ჭითურა-ზესტაფონის ცენტრალური საავტომობილო გზიდან 10 კმ-ში, საჩხერის ცენტრალური ავტოსადგურიდან და რკინიგზის სადგურიდან 10 კმ-ში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან - 110 კმ-ში.
უხუცესთა გადმოცემით, სოფლის სახელწოდება უკავშირდება ტერიტორიას, სადაც ყველა პირობა იყო იმისათვის, რომ ადამიანს ცხოვრება შეძლებოდა. არის მოსავლიანი მიწა, სასმელი წყალი, საძოვრები, სათიბები და მრავალფეროვანი ტყის მასივები. კლიმატური პირობები - ზომიერი.
სოფელთან (1 კმ-ში) მდებარეობს ჯრუჭის მონასტერი, რომელიც თარიღდება IX-X საუკუნეებით და გამორჩეული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. 1991 წელს ძეგლი მიწისძვრის შედეგად დაინგრა. ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომლის დასრულება 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.
ცხომარეთს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და სარგებლობს რიგი საგადასახადო და სოციალური შეღავათებით. (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“).
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 126 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
2002 | 293 | 139 | 154 |
2014 | 126 | 66 | 60 |
2018 წლისთვის სოფლის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 231 ადამიანი.
ცხომარეთში არის საჯარო სკოლა, უახლოესი ამბულატორია მდებარეობს მეზობელ სოფელ მოხვაში (6 კმ). სოფელი არის ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, არის წყალგაყვანილობის სისტემა.
ამჟამად მიმდინარეობს საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის ძირითადი სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2020 წლისთვის.